ეკლებ-ვარდებიანი 8 მარტი

19702750_8march

დღეს 8 მარტია – ქალების დღე! დღე, რომელსაც ყველა ქალი, უბედურია თუ ბედნიერი, ხალისიანი, უდარდელი თუ გადაღლილი, მაინც რაღაცნაირი, ღიმილიანი სახით ეგებება შინაგანი მოლოდინით, რომ მისი დღეა, მისი დღესასწაულია, დღეს ყველაფერი კარგად უნდა იყოს!

ლამაზი, ფერადი თაიგულები ისევ ხდება აქტუალური. ზოგ „მამაკაცს“ ყვავილების ხელში დაჭერა ისევ „უტყდება“; ზოგს სიყვარული ძლევს და საკუთარი ქალის გასახარებლად რას აღარ მოიფიქრებს. სოციალური ქსელებიც აჭრელებულია მილოცვებით, გულწრფელი სიტყვებითაც და მოდას აყოლილი, ბანალური ტექსტებითაც. ტრადიციულად, მშვიდობიანი აქციაც დაიგეგმა დედაქალაქში – „მეტი ქალი პოლიტიკაში“. ქალები საზოგადოებას თავს კვლავ შეახსენებენ, თავიანთი უფლებებისთვის ხმას კიდევ ერთხელ სიმბოლურად აიმაღლებენ. ზოგისთვის მართლაც შეიძლება შეიცვალოს რამე. ზოგი 8 მარტს მაინცაა ბედნიერი. თუმცა, არსებობენ ქალები, რომელთათვისაც არც დღესასწაულიანი მარტის მობრძანებაა ღიმილიანი. აი, მაგალითად:

ჩემ მეზობლად ცხოვრობენ. ახალგაზრდა, ერთი შეხედვით, ბედნიერი ოჯახია – 25 წლის ორი მცირეწლოვანის დედა და 27 წლის მამა. სიყვარულით შეუღლდნენ. ბინაც იმიტომ იქირავეს, რომ დამოუკიდებლობა სურდათ. მათი ერთ-ერთი ჩხუბის დროს მთელმა სამეზობლომ გავიგონეთ, ქალი კაცს რომ საყვედურობდა, შენი ძმაკაცების მომსახურებამ დამღალაო. თან მაშინ მეორე ბავშვზე იყო ფეღმძიმედ, მეექვსე თვეში. კაცმა კი თავი იმით გაიმართლა, ყოფილიყავი მაშინ დედამთილთან და არაფრის გაკეთება არ მოგიწევდაო. მანქანაც ყავთ, მამამთილმა აჩუქა ახალდაქორწინებულებს. კარგადაც აცვიათ. ბავშვებიც სულ მოწესრიგებულები არიან. კაცი მუშაობს, კარგი ხელფასი აქვს. მოკლედ, არ უჭირთ. თუმცა, აი აქედან იწყება დიდი „მაგრამ“.

ქალი ბავშვებს უვლის, ჯერ პატარები არიან. ყოველ დილით ადრე დგება. უმცროსი შვილის ტირილი ყველას გვაღვიძებს ხოლმე. დღეს კვირაა, ქმარი არ მუშაობს და აძლევს თავს უფლებას, მთელი დილა საწოლში გაატაროს. გადაღლილია და ისვენებს. 12 საათისთვის უკვე ისმის მათი კამათი. ისევ საყვედურობს ქალი, ადექი და ცოტა ხნით მაინც დაიჭირე ბავშვი ხელშიო, სარეცხი აქვს დასაფენი. არადა, დღეს 8 მარტია!

შუადღისთვის სარეცხიც გაიფინა, ძირითადად ბავშვების ტანსაცმელი, ქმრის საცვლები და ნასკები. დედა ჩვილთან ერთად აივანზეა გამოსული, ბავშვს არწევს და ეთამაშება. მამაც გამოდის გარეთ. მობილურით ესაუბრება ძმაკაცს, თან ხელში უკვე უჭირავს ლუდის ბოთლი. ამ დროს, როგორც ჩანს, გულითადი მეგობარი 8 მარტს ახსენებს ჩვენს გმირს და ისიც დარცხვენილი, ცოლს შუბლზე კოცნის ტექსტით – „აუ, შენ თავს ფიცავარ მახსოვდა. პროსტა, ხო იცი, ამ გიჟური კვირის მერე როგორი გადაღლილი ვარ, თავიდან სულ ამომივარდა. აი, ნახავ, შენ საღამოს პროსტა როგორ საჩუქარს მიიღებ“. ქალსაც ეღიმება, ისევ არწევს ბავშვს. მის სახეზეც წამიერად იბეჭდება აი, ის შინაგანი მოლოდინი, თავში რომ ვახსენე, დღეს რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს. თუმცა, უყურებს ქმარს, ლუდის თითოეულ ყლუპთან ერთად მუცელიც უფრო და უფრო როგორ ებერება და ეს ღიმილიანი სახეც იცვლება. ისევ შედის სახლში მეორე შვილის ხმაურზე. არადა, დღეს 8 მარტია!

საღამოს კვლავ გამოფუსფუსდება აივანზე. უკვე დაღლილია, მაგრამ სარეცხი აქვს ჩამოსაღები. მამა უფროს გოგონას უყვირის, სულ ფეხებში ნუ მედებიო. თან ცოლს ეძახის – „სად წაიღე ის გაუთოვებული საროჩკა გოგო, დამაგვიანდა“. არადა, როგორც ყოველთვის, მის ცხვირ წინ დევს და მაინც ვერ ხედავს, სანამ ქალი არ მიუთითებს. მერე კაციც გამოდის აივანზე, ცოლს სარეცხთან გამკლავების პროცესს აწყვეტინებს, კოცნის შუბლზე – „აი, ნახავ, მე შენ რა უნდა გაჩუქო“ – ძვირფას საათს იკეთებს ხელზე (ესეც, ალბათ, სიმამრ-მამათილის დამსახურებაა) და მიდის. სავარაუდოდ, ტრადიციულად, კვირა საღამოს ძმაკაცებთან ერთად გაატარებს, კაცმა არ იცის, სად. არადა, დღეს 8 მარტია!

მოგვიანებით კი, უკვე ღამით, ისევ ჩხუბის ხმა გვესმის მთელ სამეზობლოს. ქმარი გამოთვრა. ყავილები კი მოუტანა ახალგაზრდა, ულამაზეს ცოლს, მაგრამ ფეხზე ვეღარ დგას. მთელი დღე რომ რაღაც საოცარ საჩუქარს ჰპირდებოდა, ისიც დაავიწყდა. არადა, ეჭვიც არ მეპარება, აუცილებლად განსხვავებულად შესვავდა სუფრაზე, ძმაბიჭებში ქალების სადღეგრძელოს და ასე, განსაკუთრებულად, შორიდან მოეფერებოდა თავის საყვარელ ცოლს, მისი ორი ულამაზესი შვილის დედას, რომელიც მთელ მსოფლიოს ურჩევნია. ქალმა კი მთელი დღე მარტოობაში გაატარა. უკვე იცის, რომ ჩხუბს აზრი აღარ აქვს და ახლაც მხოლოდ იმას საყვედურობს ქმარს, ხმას მაინც დაუწიე, ბავშვებს გააღვიძებო. ცოტა ხნის როხროხის შემდეგ კაცი დაიღლება, ტრადიციულად მიბარბაცდება საწოლთან და უდანაშაულო ძილს მიეცემა. უკვე აღარც 8 მარტია!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s